COVID-19-ის გავრცელება და გავლენა მდგრად ურბანულ მობილობაზე – გარკვეული დაკვირვებები

ავტორები: სებასტიან იბოლდი/გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ჩინეთში, ნიკოლა მედიმორეკი/SLOCAT, არმინ ვაგნერი/გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [1] კონტრიბუტორები: ლინუს პლატცერი/გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ვიქტორ ვალენტე/გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება

Visit our TUMI Twitter Handle ????

https://twitter.com/TUMInitiative/status/1237106414038003713

განახლების თარიღი: 20.3.2020 // მსჯელობა ველოსიპედით გადაადგილებასთან, საჯარო სივრცესთან დაკავშირებით და სატრანსპორტო სექტორისთვის არიდება-გადასვლა-გაუმჯობესება (A-S-I) მიდგომის საფუძველზე COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემოთავაზებული კონცეპტუალური ჩარჩო პროგრამის განხილვა

განახლების თარიღი: 27.3.2020 // საჭირო ღონისძიებების პრიორიტიზაციისა და თანმიმდევრულობის მიმოხილვა, ბრაზილიიდან მიღებული შეფასებები, (შესაძლო) გავლენაზე დამატებითი ინფორმაცია/კონკრეტული შემთხვევების საფუძველზე მიღებული მტკიცებულებები.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) COVID-19-თან დაკავშირებით გლობალური პანდემია გამოაცხადა, 26 მარტის მდგომარეობით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაახლოებით 2.6 მილიარდი ადამიანი (მათ შორის 1.3 მილიარდი მხოლოდ ინდოეთში) არის იზოლაციაში. მაღალია ალბათობა იმისა, რომ კორონა ვირუსის გავრცელებას ექნება ხანგრძლივი გავლენა ჩვენს ინდივიდუალურ ქცევაზე და ცხოვრების სტილზე, მუშაობაზე, ხარჯვასა და მოგზაურობაზე. ტრანსპორტი, და განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერთის მხრივ არის ვირუსის გლობალურად და ადგილობრივად გავრცელების ვექტორი, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მძიმედ აისახება მოგზაურობის აკრძალვა და ადამიანების სიფრთხილე, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რაც თავს მხრივ იწვევს მგზავრთა რაოდენობის კლებას და მოგზაურობასა და ტრანსპორტზე მოთხოვნის შემცირებას. გარდა ამისა, ბოლო დღეებში, მრავალმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვარი და დააწესა კომენდანტის საათი – რამაც გამოიწვია ტრანსპორტზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება როგორც რეგიონალურ, ისე კონტინენტურ დონეზე. ვირუსის გავრცელების გამო უამრავმა დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება გადაეყვანა თანამშრომლები სახლიდან მუშაობის რეჟიმზე, რაც შეიძლება შეფასდეს მსოფლიოს უდიდეს ექსპერიმენტად ტრანსპორტზე მოთხოვნის მართვის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეფასება ჯერ არ არსებობს, ვირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური გავლენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორზე სავარაუდოდ მძიმეა. იმდენად, რამდენადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან და დამოკიდებულია მგზავრობის ღირებულებასა და სუბსიდიებზე, შემოსავლის დაკარგვა გარდაუვალია. გარდა შემოსავლის დაკარგვისა, სატრანსპორტო საშუალებებისა და დამხმარე მოწყობილობების ხშირ წმენდასთან ან მატარებლების მოძრაობის სიხშირის ზრდასთან დაკავშირებული ფასების მომატება შეიძლება იყოს დამატებითი ფინანსური ტვირთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიებისთვის. გარდა ამისა, ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის (crossrail) ბიუჯეტის გადაჭარბება ზრდის ზეწოლას დაფინანსებაზე (მაგ.: ლონდონში, მეტროს შემოსავლებით აგრეთვე ფინანსდება ავტობუსები). ორშაბათს, 16 მარტს, ლონდონის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა (Transport for London – TfL) განაცხადა გეგმიურ შემოსავალში 591 მილიონი ევროს მოსალოდნელი ზარალის შესახებ.

მიუხედავად ამისა, საერთო სურათი და სატრანსპორტო სისტემაზე უფრო გრძელვადიანი გავლენის განსაზღვრა კვლავ რთული და ბუნდოვანია: ერთის მხრივ, ჩინეთის გარკვეულ ქალაქებში კომენდანტის საათის გამო, მგზავრობის მოთხოვნა 80-დან 90%-მდე შემცირდა, მეორეს მხრივ, დასავლეთ ევროპაში მომხმარებელთა ქცევის ცვლილებით და კომპანიების სპეციფიკაციებით გამოწვეული მგზავრობის მოთხოვნის შემცირებაა თვალსაჩინო.

ვირუსის გავრცელების ფონზე, რა ძირითადი ტენდენციები წარმოიშობა მდგრად მობილობასთან დაკავშირებით და რა წინასწარი დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ, მაგალითად ჩინეთში, კორეასა და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად?

რაც შეეხება თავად პათოგენების გადაადგილების შესაძლებლობას, ავტობუსები და მატარებლები რა თქმა უნდა საუკეთესო გზას წარმოადგენენ ინფექციების გავრცელებისთვის – ქვემოთ მოცემულ ფოტოსურათზე ნაჩვენებია თუ როგორ დაინფიცირდა 9 მგზავრი საქალაქთაშორისო ავტობუსში ხუნანში, იანვარში.

ფოტოსურათი 1 – როგორ გავრცელდა COVID-19 ხუნანის ავტობუსში, წყარო: ჰუ შიხიონგი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხუნანის პროვინციული ცენტრი, South China Morning Post (SCMP)

ჩინეთის ბევრ ქალაქში, მაგალითად, როგორებიცაა უხანი ან ხუანგანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს ვირუსის შეკავების მიზნით („კონსერვირება“). მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქალაქში, რომელზეც გავლენა იქონია ეპიდემიამ, არ მომხდარა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის სრულად შეჩერება, მნიშვნელოვანია მოხდეს სამოქმედო მიმართულებების სისტემატიური იდენტიფიცირება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე თანამშრომლებისა და მგზავრებისთვის რისკის შემცირების მიზნით.

ეს სტატია ეხება 4 სამოქმედო მიმართულებას და გთავაზობთ კონცეპტუალურ ჩარჩო პროგრამას და ზოგად რეკომენდაციებს:

  1. სამოქმედო მიმართულება – კოორდინირებული რეაგირება
  2. სამოქმედო მიმართულება – თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა
  3. სამოქმედო მიმართულება – მგზავრების დაცვა
  4. სამოქმედო მიმართულება – კოორდინირებული მოთხოვნის მართვა
  5. ტრანსპორტის სექტორში კორონა ვირუსზე რეაგირებასთან დაკავშირებით შემოთავაზებული კონცეპტუალური ჩარჩო-პროგრამა არიდება-გადასვლა-გაუმჯობესება (A-S-I) მიდგომის გამოყენებით
  6. გავლენაზე შემდგომი დაკვირვებები
  7. ფოკუსირება: ბრაზილია – ბრაზილიაში მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის შემცირება საგანგაშო მდგომარეობას ქმნის სატრანსპორტო სექტორში
  8. რეკომენდაციები

1. სამოქმედო მიმართულება – კოორდინირებული რეაგირება

სატრანსპორტო კომპანიებისა და ხელისუფლებების მიერ სისტემატიური კოორდინირებული რეაგირებისა და ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად ნებისმიერი მოქმედება და ღონისძიება უნდა ხორციელდებოდეს გადამდებ ვირუსზე ან პანდემიაზე შემუშავებული რეაგირების გეგმის შესაბამისად. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება თანამშრომლებისა და მგზავრების უსაფრთხოებასთან, აგრეთვე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, უნდა გამომდინარეობდეს ზემოქმედების დეტალური შეფასებებიდან. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ამ ღონისძიებების სოციალური, გარემოსა და კლიმატის, აგრეთვე ეკონომიკური ზემოქმედება.

2. სამოქმედო მიმართულება – თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა

თანამშრომლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ სჭირდებათ სპეციალური დაცვა არა მხოლოდ როგორც ინდივიდებს, არამედ როგორც მძღოლებს, ზედამხედველებს, მენეჯერებს და ა.შ. მათი სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე თანამშრომლებს მომხმარებლებთან, ანუ მგზავრებთან, აქვთ ახლო კონტაქტი. შესაბამისად, დაცვის მექანიზმები ვერ მოიცავს ყველა პოტენციურ რისკს.

საერთაშორისო ასოციაციები, როგორებიცაა ტრანსპორტის კვლევის საბჭო (TRB), საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამერიკული ასოციაცია (APTA) და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიებისა და ოპერატორების საერთაშორისო ორგანიზაცია (UITP) უზრუნველყოფენ ზოგადი ინფორმაციის და შესაბამისი საინფორმაციო ფაქტების მიწოდებას და ახდენენ არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. მათ პლატფორმებზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეგულარულად მოძიება. მაგალითად, APTA რეკომენდაციას უწევს ქვემოთ მოცული ზომების მიღებას:

3. დაავადების გავრცელების პრევენცია

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე გვაწვდიან მითითებებს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული ზომები უნდა მიიღონ ორგანიზაციებმა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ზომები მოიცავს:

APTA-ს რეკომენდაციები დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, წყარო: APTA

„შენჯენის ავტობუსების კომპანიამ“ (Shenzhen Bus Group Company) შეადგინა დეტალური ანგარიში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის:

01 გადაუდებელი ზომების მიღება

„SZBG“-ს საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის ხშირი და რეგულარული სანიტარული დამუშავება

ზომები ეპიდემიის დროს ავტობუსის მომსახურების რეგულირებისთვის

განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის პროცედურები

პერსონალის გადაადგილებისა და განლაგების მკაცრი/ეფექტიანი მართვა

მკაფიო და ერთიანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო მედია პლატფორმის შექმნა

სასადილოებისა და კაფეტერიების მართვა

02 მგზავრთა ევაკუაცია საკრუიზო გემიდან „კოსტა ვენეცია“

03 ბიზნესისა და სამუშაოების განახლება

04 ონლაინ სწავლების კურსები ვირუსის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებით

05 ტაქსის მომსახურება

ინტელექტუალური ოპერირების სისტემა პრევენციისა და კონტროლისთვის

ზრუნვა საზოგადოებასა და თანამშრომლებზე

უფასო სატრანსპორტო მომსახურება სისხლის დონორებისთვის

უფასო სამედიცინო მომსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე თანამშრომლებისთვის ონლაინ კლინიკების მეშვეობით

თანამშრომელთა დახმარების პროგრამა (EAP)

ცხელი ხაზი კონსულტაციისთვის

საპარიკმახერო მომსახურება

„შენჯენის ავტობუსების კომპანიის“ (Shenzhen Bus Group Company) რეკომენდაციები დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. წყარო: ჯო მა (Joe Ma) („შენჯენის ავტობუსების კომპანიის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე), LinkedIn

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიებმა თავიანთი თანამშრომლების, ინფრასტრუქტურისა და მუშაობის დაცვის მიზნით უნდა განიხილონ ქვემოთ მოცემული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა:

ა) ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება: თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია ინფიცირების რისკთან დაკავშირებით და აუცილებელია მათი ცნობიერების ამაღლება ამ თვალსაზრისით და შესაბამისი ზომების მიღება ზემოაღნიშნული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

ბ) სწავლება: თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სწავლება მოწყობილობებისა და ზედაპირების სათანადოდ დეზინფიცირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თანამშრომლები უნდა დატრენინგდნენ, რათა იცოდნენ თუ როგორც ეკონტაქტონ მგზავრებს და რა საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეთ მათ დამოკიდებულებაზე ვირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების მიმართ (მაგ.: დეზინფექციის ზომები).

გ) დამცავი მოწყობილობების და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდება: თანამშრომლები უნდა მოამარაგონ შესაბამისი დამცავი მოწყობილობებით (პირბადე, ხელთათმანები/ხელის სადეზინფექციო საშუალება), რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილონ ინფიცირება.

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება: ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლებმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ სამსახურში, და აგრეთვე ხელს შეუწყობს პოტენციური ინფიცირების იდენტიფიცირებას ადრეულ ეტაპზე.

ე) წინა კარგის ჩაკეტვა/მძღოლების მიერ ბილეთების გაყიდვის აკრძალვა/ელექტრონული ბილეთების გაცემა: უამრავ ავტობუსში მგზავრები ადიან ავტობუსის წინა კარიდან და ბილეთს ყიდულობენ მძღოლისგან ან აჩვენებენ მას მძღოლს. ეს არა მხოლოდ მოუხერხებელია მუშაობის პროცესში (საკვანძო სიტყვა: გრძელი რიგები), არამედ არის მუდმივად საშიში ფაქტორი მძღოლის ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, უამრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი ამჟამად უკრძალავს მგზავრებს წინა კარიდან ასვლას და აგრეთვე, აღარ ყიდის ბილეთებს ავტობუსებში (მაგ.: ბერლინში). ეს უნდა გახდეს დადგენილი წესი ვირუსის არარსებობის პირობებშიც, რაც დააჩქარებს გადასვლას ელექტრონულ და უკონტაქტო ბილეთის შეძენაზე/გადახდაზე (მაგ.: სმარტ ბარათები, ბილეთების შეძენა/გადახდა QR კოდით მაგალითად, როგორც პეკინში).

PT TransJakarta მის ყველა გაჩერებაზე დანერგავს საბარათე გადახდის სისტემებს. PT Transjakarta-ს კორპორაციული და საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ნადია დიპოსანჯოიომ განაცხადა, რომ თანხის დასამატებელი სადგურები ხელმისაწვდომი იყო სწრაფი საავტობუსო სატრანზიტო სისტემის სადგურებზე. „ხუთშაბათიდან, 2020 წლის 19 მარტიდან, ტრანზაქციის ყველა ფორმა, რომლისთვისაც საჭიროა ნაღდი ფულის გამოყენება, მაგალითად ბარათის ან ელექტრონული თანხის შევსების აქტივობები და საწყისი ბარათის შესყიდვები არ იქნება ხელმისაწვდომი“. იმავე მიზნით, მატატუ ოპერატორსი კენიაში გეგმავს, რომ გადახდები განახორციელოს M-PESA-ს საშუალებით და შესაბამისად საბოლოოდ გაანადგუროს დიდი ხნის განმავლობაში არსებული მითი, რომ არაფორმალური ტრანსპორტირება და ნაღდი ანგარიშსწორება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

ვ) მძღოლების/ბილეთების გამყიდველების და მგზავრების განცალკევება: მძღოლები და ბილეთების გამყიდველები, ისევე როგორც სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ იზოლირებულები მგზავრებისგან პლასტმასის გამყოფებით ან სხვა საშუალებებით, ძალიან ახლო კონტაქტის აღსაკვეთი დროებითი ღონისძიებები აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს პლასტიკური ლენტის „ბარიერებს“, მაგალითად როგორც შვეიცარიაშია:

დროებითი ღონისძიებები ძალიან ახლო კონტაქტის ასარიდებლად შეიძლება მოიცავდეს პლასტიკური ლენტის „ბარიერებს“, წყარო: Francesca @livin_her_dream, Twitter

ზ) ინფრასტრუქტურის შექმნა: მაგალითად, ავტობუსის მძღოლებს ხშირად უწევთ გაჩერებებზე საპირფარეშოთი სარგებლობა, მაგრამ COVID-19-ის აფეთქების გამო, ბევრი მათგანი დაიხურა. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად, დეტროიტი, ავტობუსის მძღოლები უზრუნველყოფილი არიან პორტატული საპირფარეშოებით.

თ) ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული უზრუნველყოფა: ინფრასტრუქტურისა და ოპერაციების მართვა და კონტროლი უნდა იყოს დაცული (მაგ. თანამშრომლების სხვადასხვა ცვლებში მუშაობით, რათა მნიშვნელოვანი ცოდნის მატარებლები და ოპერატორები დავიცვათ ინფექციისაგან). ისეთი საერთო სივრცეები, როგორიცაა კაფეტერიები და სასადილოები, უნდა იმართებოდეს სწორად და ეფექტურად. ეს შესაძლებელია გულისხმობდეს მომსახურების გაზრდილ საათებს, მოცდისა და ჭამის დროს სულ მცირე 1 მეტრის დისტანციის დაცვის მოთხოვნას.

3. სამოქმედო მიმართულება – მგზავრების დაცვა

ა) ზოგადი ინფორმაცია: ქცევის სტანდარტის შესახებ მგზავრებისათვის საჭირო ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია სხვადასხვა არხების გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტირების ამერიკული ასოციაცია გვთავაზობს ბევრ მაგალითს. სინგაპურში შექმნილი პოსტერებისა და სოციალური მედიის ინფორმაციის მაგალითები წარმოადგენს ასევე კარგ საილუსტრაციო მაგალითს. მომხმარებლებამდე ინფორმაციის მიტანასა და მისი ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ასევე ხელი შეიძლება შეუწყოს ვიდეოების გამოყენებამ, როგორც ეს მოხდა ქინგის ოლქის მეტროში (King County).

ბ) ინფორმაცია რისკის შესახებ: გამჭვირვალობა წარმოადგენს ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ არსებობს მგზავრი, რომელიც დაინფიცირებულია COVID-19-ით და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ადგილობრივმა მთავრობამ და სატრანსპორტო კომპანიამ რისკის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას (მაგ. მგზავრებისათვის QR-კოდზე დაფუძნებული საინფორმაციო პლატფორმების მიწოდება), მოიძიოს პირის აქტივობების შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებას სრულად მიაწოდოს შესაძლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს ხელს შეუწყობს სამომავლო შემთხვევების იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფს მგზავრების მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ ნდობას.

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია და განრიგის ცვლილება: მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, რამოდენიმე ქალაქმა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორებმა, მაგალითად როგორიცაა BVG ბერლინში,

შეცვალეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერირების განრიგი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისა და ოპერირების ეფექტურობა, სანდოობა, ნდობის ხარისხი და მოხერხებულობა, აუცილებელია მგზავრებისათვის განრიგის ცვლილების, გრაფიკისა და ინტერვალების შესახებ ინფორმაციის პირდაპირ და გამჭვირვალედ მიწოდება (მაგ. სოციალური მედიის საშუალებით).

დ) ტრანსპორტზე წვდომის კონტროლი და ტემპერატურის შემოწმება: იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ინფიცირებული პირის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურებში/გაჩერებებზე (მაგ. მეტროს ან მატარებლის სადგურები) შესვლის რისკი, ჩინეთის არაერთ ქალაქში შეიქმნა ჯანმრთელობის კონტროლის პუნქტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურზე/გაჩერებაზე შესვლამდე უნდა შემოწმდეს ადამიანთა სხეულის ტემპერატურა. იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება სიცხის ნიშნები, მას არ ექნება უფლება შევიდეს სადგურის ტერიტორიაზე.

ე) წმენდა და დეზინფექცია: ინფიცირების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია სტრანსპორტო საშუალებების და აღჭურვილობის (როგორიცაა ტურნიკეტები და სახელურები) სპეციალური ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალებებით რეგულარული დეზინფექცია. ამის მაგალითები არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შენჯენის ავტობუსების ჯგუფის კომპანიამ (Shenzhen Bus Group Company) გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა დროს იწმინდება ტრანსპორტი, როგორც ავტობუსების ისე ტაქსების შესახებ. აღნიშნულზე დამატებით, აუცილებელია ხელის სადეზინფექციო

BVG-ს განცხადება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტერვალების ცვლილების შესახებ. წყარო: @BVG_Ubahn, Twitter

საშუალებების და შესაძლოა, ნიღბების მიწოდება (სამხრეთ კორეაში, განსაკუთრებით ავტობუსებში, თითოეული სატრანსპორტო საშუალების წინა შესასვლელსა და უკან გასასვლელში ხელმისაწვდომი იყო ხელის სადეზინფექციო საშუალებები). წმენდის სრულყოფილი ღონისძიებების განხორციელების სხვა მაგალითებს შორის, ასევე არის @CRUT-BBSR-ის MoBus-ი. რაც შეეხება უფრო განვითარებულ მიდგომებს, შანხაიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების წმენდისთვის ულტრა-იისფერი ნათების (UV-light) გამოყენება (ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები მიკრობული დაავადებების გავრცელების კონტროლისათვის გრძელი ტალღის მქონე ულტრა-იისფერი სხივის გამოყენების შესახებ მეცნიერული ანგარიში) ან შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების წმენდის/დეზინფექციისათვის რობოტების გამოყენება, როგორც ეს იყო ჰონგ-კონგში.

ვ) უფრო მეტი სივრცე და სოციალური დისტანცირება: ინფიცირების რისკის მაქსიმალურად შემცირებისათვის განახორციელეთ ისეთი ღონისძიებები, რომელიც გაზრდის მგზავრებს შორის დისტანციას. ეს შესაძლებელია განხორციელდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირის გაზრდით (მაგალითად, როგორც ეს განხორციელდა კოპენჰაგენში), ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენები დამატებითი მარკერების

საშუალებით ან მოხდეს მოთხოვნის კონტროლი აპლიკაციების გამოყენებით. შედარებითი დიდი შესაძლებლობების საპირწონედ, ქალაქ ულაან ბატაარის (Ulaan Bataar) ადმინისტრაციამ 50%-ით შეამცირა ავტობუსის ოპერირება, რათა შეემცირებინა გადაადგილების შესაძლებლობები (და შესაბამისად ინფიცირების რისკები). კიგალიში/რუანდაში არსებული ტრადიციული „დღე მანქანის გარეშე“ ჯანმრთელობის რისკების შემცირების მიზნით ფოკუსირდებოდა ინდივიდუალურ ვარჯიშებზე.

ადამიანებს შორის მინიმალური დისტანციის შესახებ მარკერი, წყარო: Kari @karicleta Twitter-ზე.

შენჯენში, არსებობს საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებების დატვირთულობის მაქსიმუმ 50%-ით შემცირების შესახებ მოთხოვნა. სამხრეთ კორეამ დანერგა „სოციალური დისტანცირების“ შესახებ კამპანია, რომლის ფარგლებშიც სთხოვა მოსახლეობას სოციალური აქტივობებისა და გარე სივრცეში საზოგადოებრივი შეკრებებისაგან თავის შეკავება.

4. სამოქმედო მიმართულება – კოორდინირებული მოთხოვნების მენეჯმენტი:

ამ ეტაპზე სიტუაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდება: ერთის მხრივ, მთავრობები და ადმინისტრაციები მიზანმიმართულად ამცირებენ ან სულაც აუქმებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებებს (მაგ.: ომანი, პუნჯაბი, ქაშმირი), მაშინ როცა, მეორეს მხრივ, ინფიცირების რისკიდან გამოწვეული შიშის გამო მოსახლეობა ცდილობს თავი აარიდოს მოგზაურობას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას. აღნიშნულის შედეგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არის შემცირებული – მაგრამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტი კვლავ საჭიროა საბაზისო სერვისების მიწოდებისათვის, განსაკუთრებით კი სისტემურად მნიშვნელოვანი უწყებების/ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის. ამ კონტექსტში, საჭიროა მოთხოვნისა და მიწოდების შემცირების შემცველი კოორდინირებული მიდგომა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ასპექტები ქვემოთ არის მოცემული:

ა) გავლენების შეფასება: მოთხოვნის კონტროლისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ღონისძიებების უკუეფექტის (მაგ. უფრო ხანგრძლივი ინტერვალებისა და გრაფიკში შეტანილი ცვლილებებისგან გამოწვეული მგზავრთა გაზრდილი სიმჭიდროვე) თავიდან არიდების მიზნით საჭიროა მის განხორციელებამდე ჩატარდეს გავლენის/ზემოქმედების სიღრმისეული შეფასება. მაგალითად, ჯაკარტას შემთხვევამ გვაჩვენა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება მიწოდების ცალმხირვად შემცირება, იმ პირობებში როდესაც მოთხოვნა რჩება უცვლელი, ეს გამოიწვევს მგზავრთა უფრო მეტ კონცენტრაციას და შესაბამისად ექნება უკუეფექტი. ამრიგად, დედაქალაქ ჯაკარტას პროვინციის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიება ტრანსპორტის ოპერირების შეზღუდვის შესახებ, ითვლება, რომ არ არის ეფექტური კორონა ვირუსის გადატანის/გავრცელების შესამცირებლად. დამკვირვებლები თვლიან, რომ ეს კონკრეტული მოულოდნელი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კერძო კომპანიების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შედეგად თანამშრომლები, რომლებსაც არ მოსთხოვეს რომ ემუშავათ სახლიდან, აგრძელებენ მუშაობას და მათი დიდი ნაწილი კვლავ იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამას მოყვა კრიტიკა, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი მგზავრები არ იცავენ სოციალურ დისტანციას. 2020 წლის 16 მარტიდან 30 მარტამდე პერიოდში, TransJakarta-ს მომსახურებები ხორციელდება მხოლოდ 13 მარშრუტზე 20 წუთიანი შუალედით. ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა არაკორიდორული მომსახურება (რომელიც არ განეკუთვნება სწრაფ საავტობუსო სატრანზიტო სისტემას), ასევე Royaltrans-ის და Microtrans-ის მომსახურებები არის გაჩერებული. TransJakarta-ს ავტობუსების გაჩერებებსა და ავტობუსებში, რომლებიც კვეთენ 13 კორიდორს, ინდივიდებს შორის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სივრცეში, როგორცებიცაა ავტობუსები და ავტობუსის გაჩერებები, ერთი ან ორი მეტრის სიგრძის დისტანციის გამოყოფის გზით მცირდება ფიზიკური კონტაქტი/კავშირები. რაც შეეხება ავტობუსების გაჩერებებს, TransJakarta გამოიყენებს მარკერებს და მოსთხოვს მომხმარებლებს, რომ დადგნენ მითითებული დაშორებებით. რაც შეეხება ავტობუსებს, მომხმარებლებს სთხოვენ, რომ დასხდნენ განსაზღვრული დისტანციის დაშორებით, რათა მომხმარებლებს შორის ფიზიკური კომუნიკაცია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. TransJakarta-ს ავტობუსების რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია ავტობუსის გაჩერების გარეთ მგზავრების მიერ ასობით მეტრის სიგრძის რიგების შექმნა.

ბ) ველომოძრაობაზე გადასვლა: ველოსიპედით გადაადგილება შესანიშნავი მეთოდია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (არამხოლოდ COVID-19-ის გავრცელების დროს) და ამასთან სპორტდარბაზების კარგი ალტერნატივაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრ ქალაქში სპორტდარბაზები დახურულია. ამასთან, ველოსიპედით გადაადგილება სოციალური დისტანცირების და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდების შესანიშნავი საშუალებაა. დანიამ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის; ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია შესაძლებლობის ფარგლებში ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება იყო. გერმანიაში ჯანდაცვის მინისტრმა, ბნ. იენს შპანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფიცირების რისკის შემცირების მიზნით მოქალაქეები უნდა მოერიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას და დაიწყონ ველოსიპედით გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედით მოძრაობა, როგორც ჯანსაღი და მდგრადი სატრანსპორტო საშუალება, კარგი გზაა საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დატვირთვის შესამცირებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო ავტომობილების მოხმარების (მათ შორის, მძღოლის გამოძახებისა და ტაქსების მომსახურება) ჩანაცვლება როგორც ველოსიპედით, ისე ფეხით მოძრაობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანების ჯანმრთელობა და მათ საშუალება მიეცეთ უსაფრთხოდ დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით.

ბოგოტა შესანიშნავი მაგალითია – განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე ქალაქმა დამატებით მოაწყო სპეციალური ველოტრასები (გასათვალისწინებელია, რომ ბოგოტას უკვე აქვს მუდმივი ველოტრასები, რომელთა საერთო სიგრძე 500 კმ-ს შეადგენს):

  • ორშაბათი, 2020 წლის 16 მარტი: 22 კმ-იანი ველოკორიდორები მთავარ გზებზე, მხოლოდ პიკის საათებში
  • სამშაბათი, 17 მარტი: 117 კმ-იანი ქსელი მხოლოდ ველოტრასებისთვის, მთელი დღე
  • ოთხშაბათი: 76 კმ-იანი ველოსიპედებზე მორგებული ქსელი, მთელი დღე
  • ღონისძიება შეჩერდა ოთხი დღის შემდეგ, რადგან კოლუმბიაში დაიწყო სრული კარანტინი.

ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა არამხოლოდ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, არამედ კონკრეტულად TransMilenio სწრაფი საავტობუსო სატრანზიტო (BRT) სისტემის დატვირთვის შემცირებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ მდგრადი მობილობის და COVID-19-ის გავრცელების შემცირების მიზნები მაღალი თავსებადობით გამოირჩევა. ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, სარკისებურად იქნა გადმოტანილი ეს მიდგომა და შეიქმნა ორი დროებითი ზოლი საველოსიპედო მოძრაობისთვის.

ვირუსის გავრცელების პირობებში ველოსიპედით გადაადგილების კიდევ ერთი მაგალითია ქალაქი ნიუ-იორკი: მარტის თვეში ქალაქის საველოსიპედო სისტემის Citi Bike-ის მოხმარების მაჩვენებელი 67%-ით გაიზარდა და სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდებოდა ველოსიპედით მეტროს გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, რესტორნებისთვის დაშვებულია მხოლოდ საკვების გატანის და ადგილზე მიტანის მომსახურებები. აღნიშნული პოლიტიკის მხარდასაჭერად ქალაქის მერს ელექტრონულ ველოსიპედებზე გავრცელებული აკრძალვის გაუქმება მოუწია. იმავდროულად, გასული წლის იმავე თარიღების მაჩვენებლებთან შედარებით, მეტროში მგზავრების რაოდენობა თითქმის 20%-ით, ხოლო ავტობუსებში 15%-ით შემცირდა. შექმნილი სიტუაცია და მგზავრების შემცირებული რაოდენობა დიდი ალბათობით ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ადმინისტრაციას და ზოგადად ნიუ-იორკს. ამის გამო, შესაძლოა საჭირო გახდეს გზების გადატვირთვის გადასახადის ვადაზე ადრე შემოღება (ან აღნიშნულის სულ მცირე ამ გადასახადის შემოღების საჭიროების არგუმენტად გამოყენება), რაც მომავალი წლისთვის იყო დაგეგმილი. ველომოძრაობის წახალისების მიზნით, ვენაში (ავსტრია) გავრცელდა საველოსიპედო გზების ქსელის რუკა.

მდგრადი და მუდმივი მობილობის ხელშეწყობის მიზნით ბერლინში მაღაზიები, სადაც შესაძლებელია ველოსიპედის შეკეთება ანდა ყიდვა, დაგეგმილი იზოლაციის პირობებში კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

ველომოძრაობაზე გადასვლის იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთსა და იტალიაში, კომენდანტის საათის პირობებში ველოსიპედით გადაადგილება აკრძალულია. თავდაპირველად გაურკვეველი იყო ეს აკრძალვა მხოლოდ ველოსპორტს ეხებოდა თუ ყოველდღიური საქმეებისთვის ველოსიპედით გადაადგილებასაც.

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაჯავშნის და ჩაწერის სისტემები: მაღალი მოთხოვნის მართვის მიზნით ქალაქ პეკინში იტესტება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე/სადგურებზე ეტაპობრივი/საათობრივი დაშვების მეთოდი. პეკინში მიმდინარე ექსპერიმენტი გულისხმობს „მეტროში შესვლაზე ჩაწერის“ სისტემას, რათა მეტროს სადგურების შესასვლელები ხალხით არ გადაიჭედოს. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაციები და ჩაეწერონ პიკის საათებში პეკინის ორ ყველაზე დატვირთულ მეტროს სადგურში შესასვლელად. პროგრამა მომხმარებლის ტელეფონებზე გენერირებულ QR-კოდს იყენებს, რომელიც საჭიროა მეტროს სადგურზე შესასვლელად და მოქმედია ნახევარი საათის განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ ადგილი ავტობუსში სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე გადაადგილებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას ავტობუსების მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთულობა.

5. ტრანსპორტის სექტორში კორონავირუსზე რეაგირების შემოთავაზებული კონცეპტუალური ჩარჩო-პროგრამა არიდება-გადასვლა-გაუმჯობესება (ASI) მიდგომის გამოყენებით

დღეის მდგომარეობით ქალაქები და ქვეყნები უამრავ ღონისძიებას ატარებენ ტრანსპორტის სექტორში COVID-19-ის შემდგომი გავრცელების შეჩერების მიზნით; თუმცა, ამ ეტაპზე შეუძლებელია საბოლოო დასკვნების გამოტანა ამ ღონისძიებების ეფექტურობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, ჩვენ არც გვსურს და არც უნდა გადავუხვიოთ მდრადი მობილობის მიზნებს. შესაძლო ღონისძიებების უკეთ აღქმისთვის და ასევე ტრანსპორტის პოლიტიკის განხილვებთან მათი დაკავშირების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ შემდეგი ღონისძიებები არიდება-გადასვლა-გაუმჯობესების მიდგომის საფუძველზე:

  • არიდება: კერძო (მოტორიზებულ) ტრანსპორტზე მოთხოვნის შემცირების ზომები – როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახშირბადის ემისიების, საგზაო შემთხვევებისა და გზების გადატვირთვის შემცირების მიზნით;
  • გადასვლა: კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში მომხმარებლების უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლებკონტაქტურ სატრანსპორტო საშუალებებზე გადაყვანის ღონისძიებები. გრძელვადიან პერსპექტივაში, აქტიური მობილობის ფორმების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, როგორიცაა ფეხით სიარული და ველოსიპედით გადაადგილება, ასევე ქალაქებში ცხოვრების გამარტივების მიზნით მიმზიდველი, სანდო, ხელმისაწვდომი, ფინანსურად მისაღები და კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა;
  • გაუმჯობესება: ოპერაციებისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში, რათა იგი კვლავ მიმზიდველი დარჩეს მოსახლეობისთვის და, კერძოდ, თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა. ველომოძრაობისა და ფეხით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესება დამხმარე ფაქტორი იქნება სხვა გადაადგილების საშუალებებზე დატვირთვის შემცირებისთვის.

ტექნოლოგიური ინოვაციები და, კერძოდ, დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანი ელემენტებია არიდება-გადასვლა-გაუმჯობესების მიდგომის სამივე სფეროს განვითარებისა და უკეთესი შედეგების მიღწევისთის.

COVID-19-ის ეპიდემიის პირობებში უდიდესი მნიშვენლობა ენიჭება ძირითად და მეორად სატრანსპორტო საშუალებებს შორის მკაფიო დიფერენციაციას. აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რომ დაშვებული იყოს სატრანსპორტო სისტემების დატვირთვა სოციალური დისტანცირების წესების დაცვის პარალელურად.

ამ მიმოხილვით იმის თქმა გვსურს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში გატარებული ღონისძიებები სამართლიანია (სოციალური მონაწილეობის, გენდერული და თაობების თანასწორობის თვალსაზრისით) და ამასთან ერთად ხელს უწყობს ტრანსპორტის სექტორის ტრანსფორმაციის მიზნებს გრძელვადიან პერსექტივაში.

გრაფიკი: არიდება-გადასვლა-გაუმჯობესება (A-S-I) არიდება-გადასვლა-გაუმჯობესება – ინსტრუმენტები COVID-19-ის პირობებში, წყარო: TUMI Initiative

არაერთ ქვეყანასა და ქალაქში მოძრაობის რეგულაციების მკვეთრმა გამკაცრებამ უფრო ცხადი გახადა ღონისძიებების დიფერენცირების/გამიჯვნის საჭიროება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი და მეორეული გადაადგილებების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ძირითად გადაადგილებას განეკუთვნება მიტანისთვის საჭირო გადაადგილება, სამედიცინო პერსონალის, საცალო და საბითუმო გაყიდვების თანამშრომლების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურების თანამრომლების (წყალმომარაგება, ელექტროენერგია, ტრანსპორტირება და ა.შ.), უსაფრთხოების პერსონალის და სხვა პირების ტრანსპორტირება. ეს სატრანსპორტო საშუალებები უნდა მუშავდებოდეს სანიტარიზების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად და ასევე უნდა ოპერირებდეს ე.წ. ცვლებში მუშაობის პრინციპით. იმისათვის რომ მოხდეს რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განტვირთვა, ამ ეტაპზე გამოყენებული უნდა იქნას ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დროებითი საველოსიპედო ინფრასტრუქტურის აშენება ან კერძო ავტომობილების შეზღუდვა (სივრცის განთავისუფლების მიზნით).

სტრატეგიის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ღონისძიებების თანმიმდევრულად განხორციელება – ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის, სატრანსპორტო, უსაფრთხოების და სხვა სფეროების ადმინისტრაციებმა უნდა იმუშაონ ერთობლივად. ცალკეულ აქტივობებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივ სატრანსპორტო მომსახურებებზე ცალმხრივი შეზღუდვები იძლევა უკუშედეგს. თუმცა, საწყისი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია პირველ ეტაპზე უნდა მიეწოდოს მოსახლეობას და მიღებული/დამტკიცებული უნდა იქნას ამ უკანასკნელის მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი სატრანსპორტო მომსახურებების შეზღუდვა და მათი მორგება მომხმარებელთა მნიშვნელოვან ჯგუფებზე.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს ეპიდემიის ფაზების მიხედვით ღონისძიებების დიფერენცირება:

პანდემიის ფაზები (კორონავირუსის COVID – 19-ის შესაბამისად: სატრანსპორტო სფეროში ღონისძიებების გატარების ზღვარი და შეთავაზებები)

  • ფაზა 1: ვირუსის იმპორტი/რამოდენიმე შემთხვევა (გავრცელების ლოკალიზება)
  • ფაზა 2: შიდა გავრცელება / საზოგადოებაში გავრცელების ლოკალიზება
  • ფაზა 3: ეპიდემიური გავრცელება/ სტაბილური გავრცელება
  • ფაზა 4: განტვირთვა

ცხადია, რომ არიდება-გადასვლა-გაუმჯობესების მიდგომის ელემენტები გამოყენებული და პრიორიტიზებული უნდა იქნას პანდემიის ფაზის შესაბამისად. პირველ და მეორე ფაზებში მნიშვნელოვანია გადასვლის და გაუმჯობესების ელემენტები, რათა შესაძლებელი გახდეს ერთის მხრივ სოციალური დისტანცირება და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი საქონლისა და პირების ტრანსპორტირება. მესამე ფაზა ფოკუსირდება პრევენციულ ღონისძიებზე, რაც მკვეთრად ამცირებს ტრანსპორტის მოცულობას და ძირითადი ფოკუსირება ხდება მნიშვნელოვან აქტორებსა და პროდუქტებზე. ამ ფაზაში, სატრანსპორტო სექტორი ცალსახად ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის უწყებების მითითებებს – ტრანსპორტი არის ჯანმრთელობის პარადიგმის „მსახური“. მეოთხე ფაზაში ძირითადი ფოკუსირება ხდება გაუმჯობესების ღონისძიებების გზით ეპიდემიის ხელახალი დაწყების თავიდან არიდებაზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების შექმნა.

6. გავლენაზე შემდგომი დაკვირვებები:

ჩვენ უკვე ვხედავთ პანდემიისა და მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების შეჩერების ან შენელების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს. სხვადასხვა სფეროში არის შესაძლებელი ამ შედეგების დანახვა – ეკონომიკა, სოციალური ქცევა, კლიმატი და ურბანული გარემო.

ბევრმა ღონისძიებამ, რომელიც განხორციელდა პანდემიის წინააღმდეგ, უნებლიედ გამოიწვია სათბურის აირების ემისიებისა და ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება. აღნიშნულის გამომწვევ ყველაზე დიდ მიზეზს წარმოადგენს მობილობაზე (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაწესებული შეზღუდვები: უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს მანქანას სამსახურში წასასვლელად, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა, ბევრი ადამიანი რჩება სახლში ან გადაადგილდება მხოლოდ ლოკალურად. ამ ეტაპზე გამონაკლისად რჩება მხოლოდ სატვირთო გემები და მიტანის სერვისები. ლოკაციის/ადგილმდებარეობის შესახებ ტექნოლოგიის მომწოდებლების მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში მანქანებით გადაადგილება მკვეთრად არის შემცირებული და ისინი, ვინც ქალაქში მოძრაობენ, ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ველოსიპედებს (გერმანიაში არსებული რამოდენიმე წყარო). დედამიწის სატელიტიდან დაკვირვების შედეგებიც ასევე აჩვენებს, რომ ის ადგილები სადაც არის ვირუსის აფეთქების მაღალი დონე და ჰაერის ცუდი ხარისხი, არის უფრო მოწყვლადი, რადგან ის ადამიანები, ვინც მუდმივად სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს არიან პანდემიისაგან გარდაცვალების უფრო მაღალი რისკის ქვეშ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ფილტვებისა და გულის დაავადებების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია რეალურ დროში ეკონომიკური შედეგების გამოთვლა, ეროვნულ დონეზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და საყოფაცხოვრებო მობილობა მიანიშნებს ეკონომიკური აქტივობების მნიშვნელოვან ვარდნაზე. ამ პანდემიის მიერ გამოწვეული რეცესიის შედეგები შესაძლოა გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე ვირუსის აფეთქება. ეს მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც შეზღუდულ ფინანსურ შესაძლობებს და გამოიწვევს უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან ზრდას. ავიახაზებისა და სხვა ინდუსტრიების პარალელურად, საზოგადოებრივმა სატრანზიტო სააგენტოებმა და ასოციაციებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ მიიღონ სახელმწიფო ფინანსური დახმარების პაკეტები, რაც დაეხმარება მათ წინაშე არსებული კრიზისის დაძლევაში. დამატებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ტაქსო-კომპანიები ან არაფორმალური სატრანსპორტო ოპერატორები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც მასტიმულირებელი პოლიტიკების შესაძლებლობები არის შეზღუდული, ვინაიდან მათი ყოველდღიური შემოსავალი შემცირდა/შეჩერდა სრულად. გახსოვდეთ, რომ ეს შედეგები არ ნაწილდება თანაბრად: შესაძლოა, რომ ქალებს ეს მდგომარეობა უფრო მძიმე ტვირთად დააწვეთ.

მომავალი თვეების შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იმ ღონისძიებებს, რომლებიც ეხლა გატარდება იმ მიზნით, რომ შეარბილოს ზემოქმედება (მაგ.: მოკლე ვადიანი სამუშაო, მასტიმულირებელი დაფინანსებები), მდგრად მობილობაზე ექნებათ უმნიშვნელო ან შესაძლოა ნეგატიური გავლენაც კი, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მოხდება ზემოაღნიშნული ღონისძიებების კონკრეტული მიზნობრივი იმპლემენტაცია. სხვა შემთხვევაში COVID-19-ის შოკის გავლენა და შედეგი იქნება დაზარალებული ეკონომიკა და მობილობის სისტემების ზიანი.

7. ფოკუსირება: ბრაზილია – ბრაზილიაში მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის შემცირება საგანგაშო მდგომარეობას ქმნის სატრანსპორტო სექტორში [2]

გასულ შაბათს (21/03) ბრაზილიაში მიღებული იქნა დროებითი ღონისძიებების შესახებ კანონი, რათა მოხდეს იმ ძირითადი მომსახურებების რეგულირება, რომელთა მიწოდებაც არ უნდა შეწყდეს კორონა ვირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტებს შორის, ასევე საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტს და მგზავრების ტაქსით ან აპლიკაციით გადაყვანას, ასევე, ზოგადად ტვირთის ტრანსპორტირებას და ადგილზე მიტანას.

ტვირთის გადაზიდვის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა/შეიცვალა ამ პერიოდში, რადგან გატარდა სხვადასხვა ღონისძიებები თანამშრომლების ინფიცირებისაგან დაცვის მიზნით. მეორეს მხრივ, მგზავრთა ტრანსპორტირების სექტორი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მათ წინაშე დგას არა მხოლოდ ავტოპარკის იმგვარად ოპერირების პრობლემა, რომ მგზავრები და თანამშრომლები დაცულები იყვნენ COVID-19-ისაგან, არამედ ამ განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით შემოსავლის დანაკარგების მაქსიმალურად შემცირების პრობლემაც.

დღესდღეობით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არის დაახლოებით 30-იდან 50 პროცენტამდე შემცირებული, თუმცა არის შემთხვევები სადაც 90%-ზე ნაკლები მგზავრი იქნა დაფიქსირებული. ურბანული სატრანსპორტო კომპანიების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის (NTU) ოტავიო ვიერა და კუნჰას განცხადებით, „პროგნოზი იმდენად ნეგატიური არის, რომ მგზავრების შემცირების მიერ გამოწვეული მოსალოდნელი დღიური ზარალი დაახლოებით 1 მილიარდ ბრაზილიურ რეალს უტოლდება“.

ფედერალურ დონეზე ჯერაც არ განიხილება სატრანსპორტო სექტორისთვის დახმარების პაკეტების შექმნის და სუბსიდირების საკითხი, მაგრამ მუნიციპალურ და შტატების დონეზე ხორციელდება გარკვეული ღონისძიებები. დიდი ქალაქების უმეტესობაში გუბერნატორებმა/მმართველებმა გამოაცხადეს საყოველთაო კატასტროფის მდგომარეობა და ზღუდავენ მოსახლეობის გადაადგილებას. ძირითადი მითითება არის რომ მოსახლეობამ არ დატოვოს საცხოვრებელი სახლები. ამავდროულად, მერები და გუბერნატორები თახნმდებიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაგრძობს ოპერირებას, რადგან ის მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯანმრთელობის დაცვის, კომერციულ და სხვა შეუცვლელ სექტორებში.

ამ დრომდე ამ სექტორში კორონას გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისთვის ძირითად ღონისძიებას წარმოადგენს მოძრავი ავტოპარკის შემცირება. თუმცა, შემცირებული ავტოპარკის გათვალისწინებით, მოსახლეობას უწევს ერთმანეთთან შემცირებული დისტანციით/დაშორებით მგზავრობა. სოციალური ქსელების გამოყენებით მოსახლეობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდ ქალაქებში პიკის საათებში მგზავრების შემცირებული რაოდენობის მიუხედავად მატარებლები, მეტრო და ავტობუსები არის გადატვირთული. ქვეყნის ექვს შტატში ავტობუსები, რომლებიც მოდიოდნენ სხვა ფედერაციული ერთეულებიდან და რომლებსაც გადმოყავდათ მგზავრები, არ შეუშვეს შტატის ტერიტორიაზე.

სან პაულუში შემზღუდველი ღონისძიებების შედეგად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული. მეტროს მომხმარებლები შემცირებულია 45%-ით, ავტობუსების – დაახლოებით 30%-ით, ხოლო მატარებლების – სულ მცირე 35%-ით. ამის მიუხედავად, აღნიშნული მომსახურებები არის შენარჩუნებული. შტატის მმართველობის საწინააღმდეგო მოთხოვნის მიუხედავად, ABC პაულისტას მეტროპოლიტენში (დაახლოებით 2.8 მილიონი მოსახლე) მერებმა გადაწყვიტეს, რომ 29 მარტიდან მოეხდინათ ყველა მუნიციპალური ავტობუსის პარალიზება.

რიო დე ჟანეიროში სწრაფი საავტობუსო სატრანზიტო სისტემის ოპერატორის თანახმად, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული, ხოლო მსუბუქი სარკინიგზო მატარებელის მგზავრთნაკადი კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. შტატის მთავრობამ აკრძალა მეტროპოლიტენის რაიონის 22 მუნიციპალიტეტსა და შტატში შემავალ 70 მუნიციპალიტეტს შორის ავტობუსებისა და ფურგონების მოძრაობა. 27 მარტის ბრძანების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთის თავიდან არიდების მიზნით განისაზღვრა, რომ რიოში საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტურისტული კომპანიების მიერ შესაძლებელი იქნება მხოლოდ მჯდომარე მგზავრების გადაყვანა (აიკრძალა ფეხზე დგომა).

პარასკევიდან, 20 მარტიდან, კურიტიბაში, ურბანული ავტობუსების გადაადგილება შემცირდა. ორშაბათიდან, 23 მარტიდან, ავტობუსები სამუშაო დღეების განმავლობაში გადაადგილდებიან შაბათის განრიგით. შაბათ დღეს გამოიყენება კვირა დღის განრიგი. კურიტიბაში ურბანული გადაადგილების მენეჯმენტზე პასუხისმგებელი კომპანიის თანახმად, ურბანულ ავტობუსებზე მგზავრთა რაოდენობა შემცირდა 37%-ით.

პერმაბუკოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ შტატის დედაქალაქის, რესიფის მეტროპოლიტენის რეგიონში ავტობუსების რაოდენობა შემცირდა 25%, რათა მოხდეს სისტემაში რეგისტრირებული მოთხოვნის 45%-იანი შემცირების კომპენსაცია. ორშაბათიდან, 23 მარტიდან, მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ტრანსპორტი შეჩერდა. რესიფის მეტრო ოპერირებს მხოლოდ პიკის საათებში. მეტროს სისტემაში მგზავრთნაკადის შემცირება დაახლოებით 33%-ს უტოლდება.

სეარაში კორონავირუსის გამო შტატის მთავრობამ შეწყვიტა მუნიციპალიტეტებს შორის ტრანსპორტის, ასევე 3 ძირითად ქალაქში მეტროსა და მსუბუქი სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული ღონისძიებები ძალაში შევიდა ორშაბათს, 23 მარტს.

ბრაზილიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ზოგადი ორიენტირება, თუ როგორ უნდა შეხვდნენ/გადალახონ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორებს სჭირდებათ მკვეთრი/ცალსახა მითითებები. გარდა ამისა, იმისათვის რომ ჰქონდეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და მოსახლეობის უფრო ეფექტურად დაცვის საშუალება, სამომავლო ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სჭირდებათ მეტი სიცხადე.

8. ზოგადი რეკომენდაციები

ა) გულდასმით გადახედეთ თქვენს პრაქტიკებს, აქცენტი მდგრადობაზე გააკეთეთ: პირველ რიგში თანამშრომლები, შემდეგ მგზავრები, შემდეგ ბიზნესი

ბ) შეისწავლეთ სხვა პარტნიორების რეკომენდაციები, კერძოდ მათი, ვინც ყველაზე ცხელ ზონებში პირდაპირ ებრძოდა ვირუსის აფეთქებას (მაგ., შენჯენის ავტობუსების კომპანია (Shenzhen Bus Group Company))

გ) ღონისძიებები განახორციელეთ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციის თანხლებით, რათა ჩამოყალიბდეს და შენარჩუნდეს ნდობა

დ) მოახდინეთ გაკვეთილებისა და გამოტანილი დასკვნების დოკუმენტირება და გასაჯაროება

ე) გააზიარეთ პრობლემური საკითხები შესაბამის პლატფორმებზე

კითხვები შემდგომი დისკუსიისთვის:

…და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია…

„არასდროს გაუშვათ ხელიდან სერიოზული კრიზისი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობაა, გააკეთო ის, რის გაკეთებაც აქამდე არ შეგეძლო.“ (რამ ემანუელი) …ინოვაციის გაძლიერება და ციფრული გადაწყვეტების გამოყენება, ელექტრონული გადახდების სისტემების პოპულარიცაზია, ავტომატიზაციის პროცესების გაზრდა, ფოკუსირება მომხმარებლებზე, ხარისხზე და მომსახურების მაღალ დონეზე, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი კონკურენტუნარიანი, მიმზიდველი და უსაფხრთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის მიზნით.

  1. გამოიწვევს თუ არა ვირუსის აფეთქება ზოგად ცვლილებას მობილობასთან დაკავშირებული ქცევების თვალსაზრისით?
  2. ვირუსის აფეთქება სამომავლოდ ვეპოლიპედების გამოყენების მაჩვენებელს გაზრდის თუ კერძო ავტომობილების რაოდენობას?
  3. ექნება თუ არა ადგილი ახალი მობილობის სერვისებში (მაგ., მძღოლის გამოძახება) მგზავრობების რაოდენობის ზრდას ვირუსის გავრცელების გამო?
  4. შეამცირებს თუ არა ვირუსის აფეთქება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კერძოდ ავტობუსებისა და მატარებლების მომხმარებლების რაოდენობას?
  5. რომელ სატრანსპორტო კომპანიებზე იმოქმედებს ვირუსის აფეთქება ყველაზე მეტად (მაგ., კომპანიები, რომლებიც დამოკიდებულები არიან დღიურად მიღებულ ნაღდ ფულზე, რადგან მათთან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება და ერთჯერად ბილეთებს ყიდიან, თუ ოპერატორები/კომპანიები, რომლებსაც საჯარო სუბსიდირების უფრო მაღალი წილი აქვთ და ყოველთვიურ საშვებს ყიდიან)?
  6. გამოიწვევს თუ არა ვირუსის აფეთქება სუბსიდიებზე უფრო მაღალ მოთხოვნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორების მხრიდან?
  7. მოახდინა თუ არა შემქნილმა ვითარებამ გავლენა ტაქსის კომპანიებზე და საჭიროებენ თუ არა ისინი მხარდაჭერას, თუ უფრო მაღალი მოთხოვნა შეინიშნება მათ მომსახურებაზე, რადგან ადამიანები ინდივიდუალური მგზავრობის ვარიანტებს არჩევენ მოცემულ სიტუაციაში?

[1] განცხადება პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ:

  • სტატიის ავტორები ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები არიან და არა ექიმები ან ეპიდემიოლოგები.
  • უამრავ ქვეყანაში კრიზისი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია; შესაბამისად, სტატიაში მოცემული აღწერები არაოფიციალურ მონაცემებს წარმოადგენს, რომელთა სისრულეზე პრეტენზია არ გვაქვს.
  • კრიზისზე რეაგირების მეთოდები სხვადასხვა ადგილას განსხვავებული იქნება; სხვაობა იქნება დასავლეთის უფრო ინდივიდუალისტური საზოგადოებებისა და აღმოსავლეთის და სამხრეთის უფრო კოლექტიური საზოგადოებების მიდგომებს შორის.
  • და: ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ უფრო ამბიციურად უნდა ვიმოქმედოთ საგზაო უსაფრთხოების კრიზისის წინააღდეგ, რომელიც ყოველწლიურად 1.35 მილიონ ადამიანს კლავს.
  • ამ უცნაურ დროში, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვისწავლოთ და მიღებული ცოდნა ერთმანეთს გავუზიაროთ.

[2] ბრაზილიის შემთხვევასთან დაკავშირებული წყაროები:

https://www1.folha.uol.com.br/cotidiano/2020/03/sp-hesita-em-fechar-transporte-que-continua-lotado-em-horarios-de-pico.shtml

https://g1.globo.com/pe/pernambuco/noticia/2020/03/20/coronavirus-fluxo-de-passageiros-cai-45percent-em-terminais-de-onibus-e-mais-de-30percent-no-metro-do-recife.ghtml

https://jornaldebrasilia.com.br/brasil/coronavirus-ameaca-o-transporte-publico-urbano-no-brasil-entrar-em-colapso/

https://ntu.org.br/novo/NoticiaCompleta.aspx?idArea=10&idNoticia=1307

https://g1.globo.com/pr/parana/noticia/2020/03/20/coronavirus-com-queda-do-uso-do-transporte-coletivo-curitiba-altera-tabela-de-linhas-dos-onibus.ghtml

https://agenciabrasil.ebc.com.br/geral/noticia/2020-03/prefeitura-do-rio-de-janeiro-ameaca-suspender-circulacao-do-brt

https://oglobo.globo.com/sociedade/coronavirus-servico/coronavirus-bolsonaro-determina-servicos-que-nao-poderao-parar-no-brasil-24320607

https://noticias.uol.com.br/politica/ultimas-noticias/2020/03/20/estados-restringem-transporte-interestadual-e-criam-impasse-federal.htm

Related

Contact